დღე 21) გასა – ტატოპანი (1190 მ.)

დილის მზის სხივი ჩემს დაბურულ სარკმელს დაეშვა, 
სიცოცხლის წყურვილს დღეს ვეღარსად დავემალები,
აფეთქებული ატმის ტოტი მიხმობს ნამყენად, 
ცას სიყვარულის მოჰფენია ცისარტყელები,
უცებ დამცხრალა სულში ცეცხლის შეურაცხება,
მკვდრეთით აღმსდგარა ვეღარ აკრთობს გველის სიგესლე,
აბიბინებულ გაზაფხულის სურნელებს ზეცად,
გულს სიბრალულით სავსე ნება ამოიკვნესებს,

და თუ ოდესმე შენი ნამი კვლავ დამეღვენთა, ვერას ვინატრებ, არას ვინანებ, ბედს ვანდობ ნებას...

შვებაა გოგირდის წყლები დამქანცველი ლაშქრობის შემდეგ და ასე მთავრდება ანაპურნას კიდევ ერთხელ გაცნობა. 
 
აქედან ყველა ავტობუსით მიდის ბენი-ში, იქედან მეორე ავტობუსით პოხარა-ში, სადაც განცდილის მონელებისა და გაცნობიერების დრო დგება.

ცნობიერების ევოლუცია არ არის სწრაფი პროცესი, მაგრამ თუ დაიწყო წინ ვეღარაფერი აღუდგება. მხოლოდ ძლიერ ნებას ძალუძს უყვარდეს, იყოს თავისუფალი და გაახილოს ჭეშმარიტი თვალი, მხოლოდ ძლიერმა ცნობიერებამ იცის უკვდავება.

მთელი დღე გოგირდის წყლებში გავატარე და სიმართლე გითხრათ ზედმეტიც მომივიდა, შემდეგ ვივახშმე, მარიჰუანა მოვწიე და დასაძინებლად მოვემზადე, მაგრამ გული უცებ შეიკუნშა და მესამე თვალში ფერადი მანდალა გამოჩნდა. 
 
მივხვდი რომ სხეულის მიტოვება იყო შესაძლებელი, მხოლოდ მინდობა უნდოდა, მაგრამ 'ღმერთო ეხლა არა მეთქი' წამომცდა, გულმა ამოისუნთქა და მუცელში სითბო დაგროვდა...

დღე 20) კალოპანი – გასა (2010 მ.)

თეთრი ტაძარი ვიპოვე იერუსალიმის კედლებს მიღმა, 
როგორც დაჭრილი არწივი ყვავ-ყორნებში ისე გმინავს 
და მხოლოდ შორი ახლო ძახილი არხევს სუსხიან ნიავს. 
შიშველი ხელებით დავიწყე ბრძოლა _ გაწმენდა მინდა! 
ჯერ დიდი ქვები გამომაქვს, შემდეგ დაჭაობებულ წყლებს ვაშრობ, 
                                                                      უცხო აჩრდილნიც განვდევნე მისგან,  
შიდაც შევბედე სულ ერთი წამით და ხელისგულით გამოვიტანე მზისფერი თაფლი.
ისე დამათრო იმ ერთი წამით, სულ ერთი წამით გაიხსნა ზეცა,  
შიგ მობინადრე სინათლის კაცი, უეცარ სტუმარს ღიმილით შემხვდა,
 
მერე თეთრი რკალი დაიბადა ზეცას, უმთვარეო ღამემ სიყვარული თესა...
 
სულ რამოდენიმე საათის სავალია კალოპანიდან გასა-მდე, მზე ისევ არ ჩანს და რატომღაც მიხარია ლაშქრობა რომ მთავრდება.

არაცნობიერ ადამიანს ვერ ადარდებს სულიერი სამყარო, არ ყოფნის ცნობიერების ძალა რომ კითხვები დასვას, უბრალოდ ცდილობს გადარჩეს, მაგრამ როცა იღვიძებს ყველაფერი იცვლება. 
 
როდესაც გონების თვალს წამით გაახელ და იცნობ არსის პირვანდელ სახეს, მიხვდები რომ ადამიანი გარდამავალი ეტაპია ცხოველიდან ღმერთამდე და არაერთი მტკივნეული ნაბიჯია გასავლელი ამ გზაზე, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს საკუთარ სულთან შეხვედრა. 

დღე 19) მარფა - კალოპანი (2530 მ.)

სანთელი მართობს კეკლუცი ცეკვით, ფიქრიც მეხვევა მათრობელ სიოდ,
შემოქმედების სუნი მცემს მკერდში, სიცოცხლის მტვერში ელვარებს სუნთქვა,
და უკვდავების თვალსაწიერში, სულის ღიმილი სიტარას უკრავს...

ეს ჩემი გულიც ზეცაში ღვივის ისევე როგორც სანთელი მიწად, 
                                                            მისთვის სიკვდილი ნამია ცვრისა, თვალი აქვს ცისა...

სუსხიანი ნისლი შერევია მისტიკური ბილიკის ბუმბერაზ ხეებს, ჰაერი ჟანგბადით არის გაჭღენთილი, საოცარი ფორმები მიუღიათ კლდეებს. მანდარინის ბაღებში ფერადი ჩიტები ჟღურტულებენ, კამკამა ლურჯი მდინარე დედამიწას მაყვარებს და ფიქრებიც არ მასვენებს.

ამ დილით პატარა შავი ქვა ვიპოვე, თეთრი რგოლია შიგნით ჩახატული და ეგვიპტური მზის ღმერთის, ჰორუსი-ს ჩასახვა და დაბადება გამახსენდა.
 
ქალის ცნობიერების ევოლუცია კაცში, არაცნობიერ ლტოლვას სიყვარულად გარდაქმნის, მაგრამ ემოცია საკუთარ განცდას რომ მოუბრუნდეს ლტოლვის სანაცვლოდ, ვერცხლის გველმა ადამის თვალი უნდა გააღოს.
 
ჰორუსი, ოსირისისა და ისიდას, ადამისა და ევას, ემოციისა და განცდის სინთეზით იბადება, როგორც მათი დამაკავშირებელი და გამაერთიანებელი ცნობიერება. 
 
არ არსებობს არსი ცნობის გარეშე, რომ იარსებო ან ვიღაცა ან საკუთარ თავს უნდა ცნობდე, ან რა საჭიროა ცნობა თუ არაფერი იარსებებს. კოსმოსი ღმერთის ცნობიერებაში არსებობს და მიუხედავად იმისა თუ როგორ განიცდი საკუთარ თავს, მთვლემარე ადამი სამოთხის ბაღში გელოდება. 
 
ღმერთი ხარ შენც, მაგრამ არ იცი ეს სანამ ევა ადამს არ დაუბრუნდება და უნებურად იფიქრებ, იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება რომ გაიგო სამოთხის ფასი, რამეთუ არ იცი რა გაქვს სანამ არ დაგეკარგება.

კალოპანი-ში შებინდებისას ჩამოვედი, სავსე მთვარე ჰიმალაის დათოვლილ მწვერვალებს არწევს და ღამის სუსხი ძარღვებში ტეხავს. ჩემს სასტუმროში მოტომოლაშქრეები გაჩერდნენ, ეწევიან, სვამენ და ერთი შეხედვით არაფერი ადარდებთ. რამოდენიმე წლის წინ სიამუნებით შეუერთდებოდი, მაგრამ რაც დრო გადის მით უფრო ცვლის გულის სიმშვიდე ინსტინქტურ ქმედებას...

დღე 18) კაგბენი – მარფა (2670 მ.)

გუშინ ვტიროდი ცხარე ცრემლებით რომ გითხრა რაზე გაგეცინება, 
იმ სულს უხდიდი ბოდიშს ვედრებით, ზურგს უკან რომ დგას და ეღიმება,
დაკარგულს რომ ელის კარად, ლოდინი რომ ძალუძს მარად,
ღიმილი რომ უთრთის ბაგედ და სიყვარულს უნთებს სანთელს...

დღეს დილით წამოწვიმა, ამ დროს იშვიათად წვიმს ნეპალში, მაგრამ ჰაერს ასუფთავებს, ბუნების სურნელს აძლიერებს და ბევრად უფრო სასიამუნოს ხდის ლაშქრობას.

მარადიული სული შესდგომია დროის დინებას და ვერ შობს ვერაფერს რასაც თვით უკვდავება არ უდევს საფუძვლად, მაგრამ სანამ ადამიანი ამას გაიგებს ბევრი დრო გავა და თან უცნაურად.

როგორც ამბობენ, მესამე თვალის კონცებცია ისევე, როგორც რეინკარნაცია  ქრისტიანობის განვითარების პირველ ეტაპზეც აქტუალური გახლდათ. შემდგომ ამოღებული იქნა რადგან ეწინააღმდეგებოდა ახალ რელიგიურ დოქტრინას, მაგრამ უბედურება ის არის რომ სიკვდილით შეშინებული ადამიანი ყველაფერს იჯერებს და იბრძვის კიდევაც რწმენის დასაცავად.

ყველაზე დიდი დაცინვა მაინც ვატიკანში არსებული უზარმაზარი გირჩის ძეგლია როგორც მესამე თვალის სიმბოლო და მის წინ თავმოხდილი სარკოფაგი ამხელს უკვდავებას. ალბად ჭეშმარიტების მცოდნე ქრისტიანი მამები თუ არსებობენ ასეთნი, თავს იმით იმართლებენ, რომ არა აქვს აზრი იმის გამხელას რასაც ვერავინ გაიგებს, ადამიანმა თვითონვე უნდა გააღვიძოს საკუთარ თავში არსი მარადი და გაღმერთდეს.

კაგბენიდან ჯომსონამდე კალი განდაკის დაბერებული სხეულივით დანაოჭებულ ხეობას გავდივარ, აქედან კი ორი საათიღა რჩება მარფამდე, მაგრამ ისეთი საპირისპირო ქარი უბერავს ძლივს მოვაღწიე სოფლამდე. 
 
იმავე სასტუმროში გავჩერდი ცხრა წლის წინ რომ ვიყავი, მაშინ ის ტურისტებით იყო სავსე, ეხლა ჩემს მეტს ვერავის ვხედავ, ერთი წლის წინანდელმა მიწისძვრამ და ახალმა გზამ თითქოს ნეპალის მისტიური შარმიც გაანელა...

დღე 17) კაგბენი

მზე ჩაესვენა ღიმილ-ღიმილით ცას ამობრწყნდა ღმერთების დედა,
მასთან ღრუბლებმაც იწყეს ღიღინი, ცურავენ ნაზად აფრებიც ელავს,
მაგრამ ეს რკალი, ეულად მთრთოლი გულცივი მთვარის, 
                                                              ღრუბელთა შორის რქებია ხარის...

გუშინ ოქროს ბურთი უცებ მოეფარა მთებს, მაგრამ ვენერა კიდევ დიდხანს ისე დაჰყურებდა სოფელს, თითქოს სიყვარულის ქალღმერთი ყოფილიყოს მისტიური კაგბენის დაარსების მიზეზი.

სოფელი ძლიერ ფემინისტურ მუხტს ატარებს და ქალებიც აქ უფრო სექსუალურები ჩანან, გუშინ საღამოს კი თვით ცისკრის ვარსკვლავი მეუბნებოდა ამას.
 
თუ არ არსებობს გონება სხეულის, ემოცია განცდის გარეშე, მაშინ ყველა კაცის უკან უხილავი ქალი დგას. 
 
თუ შეუძლებელია საკუთარი განცდის ცნობა ემოციის მართვის გარეშე, რაც უფრო სუსტია განცდის-ცნობიერება, მით უფრო ბნელია ქალი, არაცნობიერია შვილი და ხისტია კაცის პერსონა.
 
კარლ იუნგი განცდის-ცნობიერების ევოლუციის ოთხ ეტაპს ანსხვავებს _ ევა, ჰელენე, მარია და სოფია. 
 
ევა, მშიშარა და ველური ქალია, ვნებებს ვერ იმორჩილებს და ყველაფრის რეფლექციას ახდენს რასაც ხედავს, მას ადამი ხისტი პერსონით უპირისპირდება. სამწუხაროდ ასეთი ადამიანები ჯერ ისევ უმრავლესობაში არიან და რელიგიაც მათ მხარეზეა. პატრიარქალურ საზოგადოებებში კაცი ძალადობს ქალზე და ვერ ხვდება რომ საკუთარ თავს ებრძვის, განცდის განთავისუფლების გარეშე შეუძლებელია კაცსა და ქალს შორის ჰარმონიული ურთიერთობის აღდგენა.
 
შემდეგი ეტაპი ჰელენეა. თავისუფალი, ლამაზი, სექსუალური და თავმოყვარე, მან იცის როგორ მართოს კაცი და იყენებს მას საკუთარი სურვილების განსახორციელებლად. ამ ეტაპზე კაცი აღიარებს ქალის უპირატესობას და ჰელენე-ს ყოფნის უნარი მატერიალური მიზნების მისახწევად, მაგრამ არც მან იცის სიყვარულის ფასი და საბოლოოდ დამარცხებული რჩება.
 
მარია კეთილი, ძლიერი და მოსიყვარულე ქალია, მან იცის კაცი საკუთარ თავში და პატივს სცემს მას. ამ ეტაპზე დედა და მამა ჰარმონიული წყვილია, ერთმანეთისათვის ზრუნავენ, იბრძვიან და საკუთარი თავიც იციან. სამწუხაროდ ასეთი ადამიანები ჯერ ისევ უმცირესობაში არიან, მაგრამ მათი დანახვა ღიმილს გვრის ბაგეს და იმედს ბადებს.
 
ხოლო რაც შეეხება სოფიას, იგი ბოლო ეტაპია ადამისა და ევას ანიჰილაციის გზაზე, პოლარიზებული არსის ჰარმონიაში მოსაყვანად და სინგულარული ცნობიერების აღსადგენად. დაკარგული ევა ადამს სოფიას სახით უბრუნდება, იღვიძებს ინდივიდუალური "მე" და იბადება მარადიული სიყვარულის ნება.

დღე 16) მუქთინათი – კაგბენი (2880 მ.)

თუ არ გატყდა და დაიმსხვრა თესლი როგორ იშვება ნაყოფი მისგან,
თუ ვერ გაბედე გამოცდა ბედის გულში იქნება ელავდეს რისხვა,
თუ არ გატყდა და დაიმსხვრა ძველი როგორ იშვება ახალი მისგან,
დღეს ამ მებაღეს უხრი ქედს ვეტრფი, მუხლმოდრეკილი ვღიღინებ ლოცვას...

დღეს დილით სასტუმროში ერთი კეთილი კაცი ჩემი მარშუტით რომ არ დაინტერესებულიყო და ახალი გზა ესწავლებინა კაგბენი-ში ჩამოსასვლელად, ბატივით გაუყვებოდი ძველ ბილიკს.

ახალ გზაზე, უფრო გრძელსა და ლაღზე, დილის სუსხიან ნისლში გახვეული სოფლები მოჩანს. სალოცავებიდან ყრუდ ისმის ლოცვა, საბუხრეებს ხის სუნი მოაქვთ და გზაზე სოფლელებს შეშით დატვირთული ურმებიც მოყავთ.

შემდეგ ერთ დიდ, მოშიშვლებულ მინდორზე გავდივარ და რამოდენიმე საათი სრულიად მარტო დავდივარ. ვფიქრობ გზა ხო არ ამებნა-მეთქი, მაგრამ უცებ მთის ძირას კაგბენი მოჩანს. ციცაბო კლდეზე ვეშვები და უკანა კარიდან შევდივარ ანაპურნას ყველაზე მისტიურ და ლამაზ სოფელში.

ხშირად გაიგებ თითქოს რაღაც ზებუნებრივ და ბოროტ ძალას ყავდეს ჩვენი სულები შებყრობილი, მაგრამ ერთადერთი მიზეზი ცნობიერების სისუსტეა. ეს სოფელიც ბნელ გამოქვაბულს მაგონებს მაგრამ არა მგონია მზად ვიყო სინათლეზე გამოსასვლელად.

გასხივოსნების წამს განცდილი სიყვარული მატერიალური სამყაროსგან დამოუკიდებელი მეგონა. თითქოს იდგა სადღაც სრულყოფილი და მელოდა, მაგრამ ვაი რომ განცდის-ცნობიერებით რაფინირებული ემოციაა და სხვა არაფერი.
 
ევას დაცემა ადამს საკუთარი თავის ცნობის უნარს ართმევს, არაცნობიერ გონებად აქცევს და ისევე ინსტინქტურად რეაგირებს განცდებზე როგორც მძინარე სხეული სიზმარზე. სიზმარი ცხადი გგონია სანამ არ გაგეღვიძება ისევე, როგორც ადამი ცდილობს გადარჩეს, იბრძვის, იმარჯვებს და მარცხდება, მაგრამ ვერ ხვდება რომ ძინავს და ცხოველური განცდები მართავენ მის გონებას.

მე-14 საუკუნეში აშენებული ნარინჯისფერი გომპაა იდუმალებით მოცული კაგბენი-ს გული, კალი განდაკის ხეობას ამაყად გადაჰყურებს და თავს ცივი ქარი ევლება. მე კი ისევ მძინავს, საკუთარ თავს ვებრძვი, არაცნობიერ-განცდას გავურბი და ვეტრფი, ჯერ ისევ სუსტია ნება...

დღე 15) მუქთინათი

ორი სულია ჩემში ორივე სრული, ერთი ნებაა მკაცრი მეორე გული,
ერთი ცნობაა ღმერთის მეორე სახე, ორივეს ვეტრფი და ერთად ვაქცევ,
                                                                      თუ ზეცა გელის ნუღარას მოსთხოვ ვნებიან ბაგეთ...

ღმერთი სამობით არისო ამბობენ და მეც მესამედ ვარ მუქთინათში. დაქანცულია სხეული, მაგრამ ბედნიერია გული და ნათელია გონება. პირველად თექვსმეტი წლის წინ ვიყავი, მეორედ ცხრა, მაგრამ მხოლოდ მესამედ ამოსვლაზე დამხვდა ვიშნუ-ს ტაძარი ღია.

ან მე ამოვდიოდი ცუდ დროს, ან არ ვიყავი მზად სანახავად, მაგრამ რაც შეეხება ვიშნუ-ს პირი ღია დამრჩა _ ისევე ზის მოოქროვილი ორი ქალღმერთის შუა, როგორც სინათლის მახვილი ჭრის შავ გველს, ემოცია განცდას.
 
კიდევ ერთი საინტერესო ტაძარი მუქთინათი-ს კომპლექსში მდინარე კალი განდაკის ქალღმერთის საპატივცემულოდ აშენდა. მის ქვეშ გამავალ წყალს ცეცხლი უკიდია და ალბად სწორედ ეს "საოცრება" იქცა აქ ტაძრის აგების მიზეზად.

დღეს ყველა ხვდება რომ ცეცხლი მდინარის ბსკერიდან ჟონავ გაზს ეკიდება და არაფერია ამაში უჩვეულო, მაგრამ ტაძრის გარეთ ხვნეშით ისე იღვრება თითქოს ველური მხეცი იყოს. როგორც ჩანს მიწაში არის პატარა სივრცე სადაც წყალი და გაზი ერთად გროვდება და ყოველ სამ-ოთხ წუთში ქოშინს გამოსცემს.

ყველა ბუნებრივ მოვლენას შეიძლება მოეძებნოს რაციონალური ახსნა, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მატერიალური განზომილება სულიერის რეფლექციას ახდენს. ამიტომაც უშენებდნენ ჩვენი წინაპრები ასეთ ადგილებს ტაძრებს და ვინც იცის საკუთარ სულში ჩაბუდებული ცხოველი, ეს ტაძარიც წმინდაა მისთვის როგორც ცნობიერების სისუსტის გამოვლინება.

მართალია დღეს ხელცარიელი ამოვედი, მაგრამ ცხრა წლის წინ გზაში ნაპოვნი თევზის სილიგრამი ამოუტანე, როგორც არაცნობიერი რეფლექციის სიმბოლო და ცნობიერების გამაერთიანებელი საშუალება.

ნურავის დააბრალებ საკუთარ უსუსურებას, არსი ნათელია "სვეტი-ცხოველი" სანამ სუსტია ცნობიერება.

დღე 14) პედი – მუქთინათი (3760 მ.)

როცა სარკმელში დალანდავ აჩრდილს, როცა სიძულვილს გააღარიბებ, 
როცა მიხვდები რომ თუმე შიში, სულის სილაღეს ვნებით აბინდებს, 
როდესაც მზერას დაიჭერ გულში, როცა მუცლიდან კვნესას გაიგებ, 
მაშინ ღმილი გაგიხსნის ბაგეს და დაინახავ უფლის კარიბჭეს... 
 
დღევანდელი დღე იყო კულმინაცია ანაპურნას ლაშქრობის. გათენებამდე შევუდექით გზას, ერთმანეთის ფანრებით ვიკვლევდით ბილიკებს, სანამ მზის ამოსვლამ უღელტეხილი არ გაანათა და გაათბო გაყინული სხეულები.

თროლონგ-ლა, (5416 მ.) ყველაზე მაღალი, მაგრამ ამავე დროს მეგობრული უღელტეხილია დედამიწაზე. მას ყოველ წელს უამრავი მოგზაური კვეთს და უბედური შემთხვევებიც იშვიათად ხდება, მაგრამ მაინც ყველაზე რთული მისი მეორე ნახევარია მუქთინათში ჩასასვლელად.

თითქოს ციცაბო ქედები არასოდეს დამთავრდება, სველი ნასკები თუ დროზე არ გამოიცვალე მაზოლები არ აგცდება, კუნთები თავისით ხტიან და სხეულიც აღარ გემორჩილება. სამაგიეროდ მუქთინათ-ში ჩასულ მოგზაურს ვიშნუ-ს შუასაუკუნეების ტაძარი ელოდება, ბუდისტებისა და ინდუისტების წმინდა სალოცავი ‘სულის განთავისუფლების ადგილად’ ითარგმნება.

თუ კაცის ნერვული სისტემის დონე განსაღვრავს ქალის ვიბრაციულ სიხშირეს, რაც უფრო სუსტია იგი, მით უფრო ბნელია მაგნეტური ველი და ველურია გონება.  ქალის სიბნელე კაცის ცნობიერების სისუსტეა, მაგრამ რაც უფრო ძლიერდება იგი მით უფრო ცნობს საკუთარ თავს გარე სამყაროს წინაშე. ქალის ცნობიერების ევოლუცია აკეთილშობილებს კაცს, ხოლო ასედ წოდებული გასხივოსნება, სიყვარულის ჭეშმარიტ ბუნებას ავლენს როგორც საკუთარი ემოციის განცდის ბედნიერებას. 

მძინარე ადამი ეგოს თვალით უყურებს გარე სამყაროს და როგორც ვიბრირებს მისი ევა ისეთს ხედავს. როგორც დედა შვილს, არაცნობიერი განცდა მართავს მამის ცნობიერებას, რეინკარნაციას ახდენს და რეფლექციით იცვლის სახეს, სანამ საკუთარ ემოციას ვერ განიცდის და ლტოლვისგან განასხვავებს.

ამასობაში ჩემი ვახშამიც მოიტანეს _ სპაგეტი ტომატის პასტითა და ყველით, ნეპალური ლუდით და მერე კარგი გამოძინება.

დღე 13) იაკ ხარკა – პედი (4450 მ.)

ერთ დროს მორევის ბინძური წყალი, დღეს სულში ღვივის ცისფერი ალით,
დღეს მე მაქვს სული, იღიმის გული, დღეს სიყვარულის ნორჩი ყვავილი 
ანათებს ზეცას და გაზაფხულის ნაზი სურნელი სიცოცხლეს თესავს...

ჩემი ყოფილხარ ყოველთვის მუდამ, გაღვიძებული ცრემლსაც კი მადენ...

იაკ ხარკადან დილით ადრე გამოვედი და შუადღის პირველ საათზე პედიში ვარ. რამოდენიმე სპარტანული თავშესაფრით, სუსხიანი ქარით და აქ თითქოს დროც უფრო ნელა გადის.

ხვალ გათენებამდე უნდა დავიწყო ლაშქრობა მზი-ს ამოსვლას რომ უღელტეხილზე შევხვდე და იმედია საღამოს მუკთინათში ჩავალ.

ყველაზე დიდი შეცდომა არაცნობიერი-განცდის უარყოფაა, რამეთუ სწორედ მისი საშუალებით ხდება როგორც მოწიერი ყოფის განცდა ისევე გონების თვალის გახელა, მაგრამ ეს პროცესი ევოლუციას უფრო გავს ვიდრე ნებიერ არჩევანს.
 
ადამიანი უარყობს განსაცდელს სანამ ემოციას ვერ უმკლავდება, მაგრამ რაც უფრო ძლიერდება ადამის თვალი მით უფრო ჰარმონიაში მოდის არსი სანამ კაცი და ქალი ერთიან გულად არ დაიწყებს ფეთქვას. 

გასხივოსნება წამიერი გაღვიძებაა ადამის როდესაც განცდას იბრუნებს და ხვდება მავანი რომ თურმე თვითონვე ყოფილა ადამი, მაგრამ უმალვე ეცემა ევა და ცხოვრებაც ჩვეულ რიტმში გადადის.
 
საღამოს ხუთი საათია, არც დღის განმავლობაში ქონია მზე-ს დიდი ძალა, მაგრამ ეხლა ისე ბჟუტავს შეგეცოდება. ყინავს, მაგრამ ჩვენი სასტუმროს ღუმელი ისე ბრიალებს ცოტა არ მოგეჩვენება.

ჩემს გვერდით დაქანცული წყვილი საუზმობს, გოგოს ცხვირ-პირი და ყურის ბიბილოები აქვს გაყინული, საყვარელ თითებს ღუმელთან ითბობს და დაღლილი თვალებით ფანჯარაში იყურება. ბიჭი მორცხვად სვამს რძიან ჩაის და ალბად ისიც ხვალინდელ დღეზე ფიქრობს ჯერ ისევ გარირაზე რომ მოგვიწევს უჰაერო უღელტეხილის გადაკვეთა.

დღე 12) მანამგი _ იაკ ხარკა (4020 მ.)

მზე სიყვარულით ანათებს ცხოველს მოუდრეკს კისერი,
ვაი რომ ვეღარ ახერხებს სულს შეებრძოლოს უხეში,

ხელის გულზეა გაშლილი უცებ მორჩილად ქცეული,
ურჩი ნიანგის აჩრდილი პირქვე აგდია წყეული...

ადამი და ევა სამოთხეში ცხოვრობდნენ და იყვნენ ბედნიერი. ადამი ემოციის თესლის სიმბოლოა ჩემთვის, ევა განცდის, ხოლო მათი ერთიანობა ცნობიერების ძალით, სამოთხის ბაღი, გასხივოსნება.

ადამისა და ევას ერთი ცნობიერება აქვთ, ამიტომ როდესაც ევას გველი შეაცდენს კეთილისა და ბოროტის გამოსაცდელად, ადამი საკუთარი თავის ცნობის უნარს კარგავს, მაგრამ განიცდის რაღაც ახალს ისევე, როგორც სხეული იძინებს ღამით, მაგრამ იცის რომ გაეღვიძება.
 
ცნობიერების ერთი ნახევარი ადამისთან რჩება, მეორე ევას ქვეშ ყვება და მანამ ახდენს რეინკარნაციას სანამ ადამის თვალი არ გაიღვიძებს და დაიწყებს გაძლიერებას. 
 
როდესაც იხსნება ცნობიერების თვალი, ადამისა და ევას შორის კავშირი მყარდება. ერთი მამის, სინათლისა და ცხადის სიმბოლოა ჩვენში, მეორე დედის, სიბნელისა და სიზმარის, რაც უფრო ძლიერია განცდის დომინაცია მით უფრო ხისტია ადამის რეინკარნაცია.

ევას დაბრუნების გარეშე ადამი ვერ გაიღვიძებ, მაგრამ რა არის განცდის დაცემის მიზეზი, ადამის სურვილი განიცადოს რაღაც მარადიულობის გარდა, თუ ცნობიერების სისუსტე ვერ უძლებს სამოთხის ბაღის ნეტარებას?

თუ გინდა გაახილო გონების თვალი, რაციონალურმა კაცმა ინსტინქტური ქალი უნდა იცნოს, მიიღოს და დაიბრუნოს ცნობიერების ძალით, მაგრამ არც ერთი და არც მეორეა ჭეშმარიტება. 
 
ორივე "მე" ვარ, სინგულარული ცნობიერების მარადიულობა კაცისა და ქალის ანიჰილაციით იბადება, ქვემოდან ვერაფერს შეცვლი, ადამის ნერვული სისტემის გაძლიერებით ხდება ევას სამოთხის ბაღში დაბრუნება.
 
რომ არ დამეხუჭა გონების თვალი ხომ ვერ გამოვცდიდი ამ საოცარ პლანეტას, არ მეცოდინებოდა თავისუფლების ფასი და არც უკვდავება, რომ არ დამეხუჭა მარადიული თვალი ხომ არ მომინდებოდა ასე მწარედ მისი გახელა.

დღე 11) ნავალი – მანანგი (3540 მ.)

გული სინათლით იშლება როგორც ლოტუსის ყვავილი,
ჩემს ფანჯარაზე პეპელა მუხლუხო იყო ამ დილით,

სიამუნებას ძლივს უძლებს იგი ფეთქებით დაღლილი, 
ჩემს ფანჯარაზე პეპელა მუხლუხო იყო ამ დილით...
 
ხანდახან ისეთი მშვიდია სხეული და ძლიერი ცნობიერება, თითქოს ერთი ‘არა’-ღა რჩება სათქმელი, მაგრამ უცებ იფეთქებს ეგო და ყველაფერი მავიწყდება. 
 
თუ გასხივოსნება ცნობიერების ბუნებრივი მდგომარეობაა, თუ "მე" უკვე თვითრეალიზებული არსი ვარ, განცდის ვიბრაციას ნებით უნდა ვცვლიდე საკუთარი სხეულის დაბალი სიხშირეების გამოსაცდელად.
 
ხოლო თუ გასხივოსნების ნათელი მხოლოდ მარადიული თესლის მთვლემარე პოტენციაა ჩვენში, მატერიალური სამყარო სიბნელეა ღმერთის და გაღვიძებას ელის.

განცდის ვიბრაციას ვერ შეიცვლი ცნობიერების დასუსტების გარეშე, მაგრამ ნებით დავხუჭე გონების თვალი, თუ არასოდეს მცოდნია ჭეშმარიტი თავი სანამ სუსტია ცნობიერება?
 
დაბადება ნებიერი არჩევანი რომ იყოს, მომენტალურად უნდა შეგვეძლოს გაღვიძება, მაგრამ იქნებ წინასწარ ვირჩევთ განსაცდელს და ვერ ვიღვძებს სანამ არ დასრულდება.
 
ასეა თუ ისე, სიმართლეს ვერ გაიგებ სანამ გასხივოსნების ვიბრაციას ვერ გაითავისებ და მიმოიხედავ, მაგრამ თუ ერთხელ მაინც გაახილე გონების თვალი, ვეღარასოდეს იქნები ისევ ის კაცი, თავი გელა რომ გეგონა. 

ვინ არის გელა?

თუ არაცნობიერი-განცდა რეფლექცირებული ემოციაა წმინდა ცნობიერების მაგნეტურ ველზე, რომელიც ერთის მხრივ რეინკარნაციას ახდენს და მერეს მხრივ ჭეშმარიტ "მე"-ობას უცვლის სახეს, მაშინ გელა ეგო-ს დომინირებაა კოსმიურ იდენტობაზე.

არაერთხელ შევხვედრივართ ერთმანეთს და მას ჩემი ეშინია, რადგან თუ "მე" განცდას დავიბრუნებ ეს მისი სიკვდილია. სიკვდილი არასწორი სიტყვაა რადგან შეუძლებელია სულიერი ენერგიის გაქრობა, უბრალოდ "მე" საკუთარ ემოციას განვიცდი და ასე ვახდენ არაცნობიერი ლტოლვის სიყვარულის სინათლედ ტრანსფორმირებას.
 
ან განცდის-ცნობიერება მართავს ემოციას და საკუთარ თავს ცნობს, ან ეგო ახდენს მის არაცნობიერ რეფლექციას და ჭეშმარიტ იდენტობას კარგავს. ან სინათლის მახვილი ჭრის შავ გველს შიდა და გარე სამყაროებად, ან ცნობიერება იბრუნებს საკუთარ აჩრდილს და ემოციას ეუფლება.

ძნელი და გრძელია გზა, იცოდე და გაირო არ არის ერთი და იგივე, მაგრამ თუ არ ეცადე გაიგო ვინ ხარ, თუ არ გახსენი გულის კარები და მიიღე განსაცდელი რა აზრი აქვს სიცოცხლეს. მარადიულობა ცნობას ითხოვს როგორც ადამიანის ერთადერთი მიზანი და დანიშნულება.

მანანგი-ში შუადღის სამი საათისათვის ამოვედი და აქედან ყველა უღელტეხილზე გადასასვლელად ემზადება. ისე ვარ დაღლილი ვერაფერს ვფიქრობ და ერთი სული მაქვს დავიძინო, მაგრამ იაკის ყველი და სალიამის კალბასი დელიკატესებია მანანგი-ს და აქაური ვაშლის ბრენდიც უხდება.

დღე 10 ნავალი

მთვარის სიმკაცრე ღუღუნებს მკერდში, კოსმიურ სივრცეს დაუკრავს ნანა,
უდრტვინველ სარკმელს ბულბულის სტვენით, დაუდევს ბინა ოცნების დარაბს,
ხეს ცრემლი ცვივა მზე არას ელის, მე ისევ მცივა მე ისევ ველი,
ველი ოცნების კარის გაღებას და ეს ოცნება თვალს ახელს ჩემში 
                                                                        როგორც ღიმილი და უკვდავება... 

კიდევ ერთი ღამე ნავალი-ში, იმ მთაზე მინდა ავიდე შუასაუკუნეების სალოცავით რომ გადმოჰყურებს სოფელს და იქვე პატარა გამოქვაბულიაო ამბობენ მაძიებელი სულების განსამარტოვებლად.

როდესაც არაცნობიერი განცდა იღვიძებს და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული პერსონა ძალას კარგავს, ადამიანი ვეღარ უმკლავდება ენერგეტიკულ ნაკადს და განდეგილობის სურვილი უჩნდება. არსის გაღვიძება განსაცდელში გვაგდებს, მაგრამ თუ არ გაიხსნა ჭრილობა ვერ მოშუშდება.

თუ ცნობიერების ევოლუცია ცხოველური არსის გაკეთილშობილებაა, მით უფრო ცივილურია ადამიანი რაც უფრო ჰარმონიაში მოდის არაცნობიერთან.

ცივილურობა განათლებას გულისხმობს, მაგრამ განათლება ორნაირი შეიძლება იყოს _ სწავლა და გამოცდილება. განათლებულია ადამიანი როდესაც ნასწავლს გამოცდილებით ადასტურებს, მაგრამ ხისტი პერსონა უარყობს განსაცდელს და რწმენით ცდილობს თავის გამართლებას.

პერსონა სწავლობს, განცდას გამოცდა ძალუძს, მაგრამ იმდენად რამდენადაც არ არსებობს ცნობიერება განცდის გარეშე სწავლა განსაცდელს უარყოფს. რაც უფრო ძლიერია "განათლებული პერსონა", მით უფრო ველურია არაცნობიერი განცდა და ნაკლებად ცივილური არსება. 
 
"განათლებული პერსონა" სწავლით განსაცდელს უარყობს, მაგრამ ასე სულს კარგავს და ვერ ხვდება რომ უაზროდ. ასეთ ადამიანს თავიც კი მოაქვს და უფლებას აძლევს სხვებს მორალი უკარნახოს, მაგრამ მარტო დარჩენა მონად აქცევს და ცრემლსაც ადენს სამწუხაროდ.

შეუძლებელია სულიერი სამყაროს ახსნა-განმარტება, პერსონას შეგიძლია ასწავლო ისტორია, მათემატიკა, ასტროლოგია თუ რელიგია, მაგრამ ცოდნას გამოცდილება ჭირდება. არაცნობიერად განცდილში თვლემს სულის სინათლე და ცნობიერების დაბრუნებას ელის განსაწმენდად.

ნუ გეშინია განსაცდელის რამეთუ მარადიულია ცნობიერება, მხოლოდ განცდები იცვლიან მასში სახეს, განმცდელი იგივე რჩება, თვით სიკვდილიც კი რომელიც ასე გვაშინებს მხოლოდ გამოცდილებაა მისთვის და ვინც იცის იგი სიცოცხლით ტკბება.
 
ანაპურნას ცივი ნიავი ათრთობს და აშრობს ასწლოვან ხეებს, სალოცავების დუმილი საუკუნეების ამბებს ყვება და იფიქრებ თუ როგორ მოიქცეოდი რომ შეგეძლოს ნების ძალით მიატოვო ეს საყვარელი პლანეტა _ უკან არ მოიხედავდი? ეჭვი მეპარება...

დღე 9) პისანგი – ნავალი (3660 მ.)

ვიცი რო მელი, მაგრამ ჯერ ისევ შიში მაქვს გველის, 
ჯერ ისევ ლტოლვით გამირბის თვალი,
ჯერ ისევ გული ვერ არის მთელი, წყალს მიაქვს ნავი...

პისანგი-დან ნავალი-მდე ლაშქრობა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ სანახაობებით დახუნძლული და მისტიური.

ჯერ ბუთღუზა გირჩებით სავსე ნაძვის ტყეს გაივლი მწვანე ტბის თავზე. შემდეგ ციცაბო მთას აუყვები და ნათალი ქვით ნაშენები სოფლის ფონზე ჩვენს შატილს რო მაგონებს, ანაპურნას ხიბლით დათვრები.

ჩვენ ერთმანეთის ემოციებს განვიცდით და განცდებზე ვემოცირებთ, რასაც გავცემთ იმას ვიღებთ და რაც უფრო სუსტია ერთიანი არსის ცნობის უნარი, მით უფრო ველური პარტნიორი გვხვდება.

არაცნობიერი რეფლექციის მიზეზი ცნობიერების სისუსტეა, მაგრამ რეფლექციის ობიექტსაც აქვს საკუთარი ცნობიერება. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთის დისჰარმონიას მანამ ვირეკლავთ და ვაძლიერებთ, სანამ ვერ შევძლებთ არსის ჰარმონიაში მოყვანას და აწმყოში არსებობის ბედნიერებას.

საწინააღმდეგო სქესისადმი ლტოლვა სხვა არაფერია თუ არა შინაგანი დისჰარმონიის გარე სამყაროს საშუალებით აღდგენის სურვილი და მუდმივი კვება ჭირდება. გარე განცდა მატერიალიზაციაა კაცის ცნობიერების სისუსტის და გარე ემოცია ქალის, სანამ არსის ორი ფუნქცია ერთიან გულად არ დაიწყებს ფეთქვას.

მზე-მ გვიან იცის მთაში ჩამოსვლა, სულ რამოდენიმე საათით აცხუნებს სოფელს, ათბობს გათოშილ სხეულებს და ანაპურნას ეფარება. საღამოს მოდიან მოლაშქრეები, გარიჟრაჟზე გზას აგრძელებენ და თითქოს უკაცრიელს ტოვებენ სოფლებს, ამიტომაც მიყვარს-ხოლმე მეორე დღეს დარჩენა.

დღე 8) ჩამე-პისანგი (3200 მ.)

სად არის უფლის სახება? გულში ჩამდგარა და ისახება,
ზოგან საშიში განხდარა, აქა-იქ სანთელივით დამდნარა,
მაგრამ როდესაც ღებულობ განცდებს, ეული რჩები სინათლე გავსებს...


დილის შვიდის ნახევარია და ისე ცივა ჩამე-ში, ერთი სული მაქვს ლაშქრობის დასაწყებად. 6/7 საათის სავალია პისანგი-მდე და წინ საინტერესო დღე მელოდება.

გუშინ მთელი დღე განცდის-ცნობიერების სისუსტეზე ვფიქრობდი, დღეს კი სხეულის განცდაში ფიქრი იკარგება.

გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული პერსონა მხოლოდ ერთი ნახევარია ორიგინალური ცნობიერების და მხოლოდ საპირისპირო სქესთან ურთიერთობით ამყარებს კავშირს საკუთარი სულიერი სხეულის მეორე ნახევართან. 

პერსონას თავი მატერიალური სხეული გონია და გაურბის სიკვდილს, მაგრამ სულიერი სხეული ანდროგენული და მარადიულია.         

ყოველ არაცნობიერ ქმედებას განცდის წყურვილი უდევს საფუძვლად, მაგრამ პერსონა უარყობს განსაცდელს და ხისტდება. რაც უფრო ზურგს აქცევ, მით უფრო გმართავს, მხოლოდ არაცნობიერი-განცდის გაღვიძებით და მისივე ცნობიერების გაძლიერებით იბადება შემოქმედება.

არა აქვს მნიშვნელობა როგორი ადამიანის ინიჯს შეიქმნი, სად გაიზრდები ან რას მიაღწევ, ერთადერთი კეთილშობილური სექციელი არაცნობიერი სხეულის გაღვიძება და გაცნობიერებაა.

არაცნობიერი განცდა რომ იცნო, სინათლის მახვილი უნდა დაიმორჩილო, ცნობიერება ინსტინქტური რეფლექციით იცვლის სახეს და გაძლიერებით იბრუნებს ჭეშმარიტ იდენტობას.

გარე სამყაროს აღქმის წინაპირობა საკუთარი თავის ცნობაა, ადამიანი დედამიწას განიცდის ფიზიკური სხეულის ცნობის ხარჯზე, ხოლო თვითრეალიზებული არსი სულიერ სამყაროში იბადება.

სოფელი პისანგიც ისევე ორად არის გაყოფილი როგორც ასტრალური ნერვული სისტემა, ქვემო მდინარის მარცხენა, ხოლო ზემო მარჯვენა ნაპირზე იშლება. ისეთი დაქანცული ვარ არაფრის თავი არ მაქვს, ადრეული სადილი და ძილია ამ დროს ჩემი წამალი და იმედია ხვალ ისევ ენერგიით სავსეს გამეღვიძება.

დღე 7) ტიმონგი – ჩამე (2760 მ.)

ვიდექი მარტო ეულად ერთი, იმ წამს არაფერს ითხოვდა ღმერთი,
ქარმა მოსტაცა იმ წამს სიყვარულს შავ-ბნელი ღამე ჩადრივით თხელი,

და იყო ასე ვიდექი ერთი თავისუფლება ელავდა მკერდში...

ჩემი საძილე ტომარა ღამის სიცივეებს ძლივს უძლებს, სუსხიანია დილა, წყალიც მათარაში ნახევრად გაყინული მხვდება, მაგრამ ანაპურნას დანახვა უმალ ენერგიით მავსებს და ლაშქრობაც გრძელდება.

რა არის ცნობიერება?

სიტყვა ცნობიერება თვითონვე სცემს პასუხს მის ჭეშმარიტ უნარსა და დანიშნულებას, მაგრამ შეუძლებელია ცნობა განცდის გარეშე. 
 
რაც უფრო ძლიერია განცდის-ცნობიერება ემოციის სამართავად, მით უფრო ცნობს საკუთარ არსს გარე სამყაროს წინაშე, ხოლო სუსტი უმალ რეფლექციას ახდენს და ემსგავსება.
 
"განათლებული" პერსონით ყოველთვის ნახევარი კაცი დარჩები სანამ არაცნობიერ-განცდას არ გააღვიძებ, იცნობ და ჩაეხუტები.
 
როდესაც იხსნება ცნობიერების თვალი, ცხადის პერსონა არაცნობიერ-განცდას პოულობს საკუთარ თავში და იწყებს ჰარმონიის აღდგენას. რაც უფრო ძლიერდება არაცნობიერი-განცდის ცნობის უნარი, მით უფრო სუსტდება პერსონა სანამ პოლარიზებული სხეულის ორი ნახევარი ჰარმონიაში არ მოვა და ემოციას დაეუფლება.
 
პოლარიზებული ცნობიერების ჰარმონიზაცია არა მარტო არსის მარადიულობას ამხელს, არამედ თვითონაც იბრუნებს ჭეშმარიტ სეხეს, კოსმიურ "მე" ობას...

მთელი ცხოვრება ვიღაცას ვეძებდი დამნაშავეს საკუთარი იმპოტენციის გასამართლებლად, მაგრამ თურმე გარე სამყარო მხოლოდ საშუალება ყოფილა სულიერი დისჰარმონიის გამოსავლენად.

ჩამე-ში შებინდებისას ამოვედი, მითხრეს აქვე გოგირდის წყლებიაო და როგორცკი სასტუმრო ვიპოვე დასაბანად გავიქეცი. პატარა აუზში სადაც თერმული წყლები გროვდება სამი ინდოელი ბანაობს საპნითა და შამპუნებით. იქვე ტანსაცმელი დევს გასარეცხად, ჩამოდი მაგარი წყალიაო იღიმიან და ვარანასი გამახსენდა. ერთი და იგივე მდინარეში ერთი ბანაობს, მეორე ტანისამოსს რეცხავს, მესამე სვამს და მეოთხე კრემანაციის ფერფლს ატანს, რო უყურო შეიძლება გაგიჟდე როგორ არაფერი ემართებათ.

ეხლავე პირსახოცს მოვიტან-მეთქი უთხარი და ისე გავეცალე ერთი ფიქრიც არ დამცდენია მათზე. ვერ დავიკვეხნი რომ ყოველთვის ასე ხდება, როდესაც რეფლექციას ვახდენ ვემსგავსები, ხოლო თუ ემოციას ვმართავ საკუთარ თავს ვცნობ და მეღიმება.

ყველაზე ძლიერი საზღვარი სულიერი ვიბრაციის არის და ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება. ეცადე ემოცია განცდის-ცნობიერებით მართო რამეთუ სწორედ არაცნობიერი ფიქრებით ხდება სულიერი სხეულის პოლარიზება.

დღე 6) ტიმონგი

გულის სიბნელემ გამაღარიბა ცეცხლოვან თვალებს დაუწყე დევნა,
ცხოვრებამ ისე მწარედ მამცირა, როგორც სინდისი აწუხებს ვნებას,
სახეზე მცვივა ცრემლები ცხელი, გულის არევა არ არის ძნელი...

სიყვარულია ვნება, მაგრამ სუსტია ნება...

მზიანი დილა ანაპურნას მოწმენდილ ცაზე და კიდევ ერთი ღამით მინდა ტიმონგ-ში დავრჩე. რატომაც არა, ამაზე კარგ ადგილს სად ნახავ, მაგრამ ასეთ სიმაღლეზე ცხოვრება არ იქნება ადვილი საქმე.

ტურისტები მოვდივართ, ვნახულობთ, სიამუნებას ვღებულობთ და გზას ვაგრძელებთ, მაგრამ როდესაც ყოველდღე ერთი და იგივეს ხედავ, როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს ეჩვევი და გბეზრდება.

რა არის პერსონა?

სინათლის მახვილი ორად ჭრის შავ გველს, არაცნობიერი გონებით საკუთარი განცდის-ცნობიერების პოლარიზაციას ახდენს და აქვს ორი სახე _ ერთი სიბნელეა მისივე, მეორე განხორციელება.

არაცნობიერ განცდას და მის რეინკარნაციას ერთი ცნობიერება აქვთ,  მაგრამ ადამიანი ცხადზე პერსონას ქმნის და საკუთარ თავს უპირისპირდება. ასედ წოდებული "განათლებული" ადამიანი არაცნობიერს უარყობს, მაგრამ სწორედ რომ მასში იმალება არსის გამაერთიანებელი საშუალება. ამიტომ თუ გინდა სინათლის მახვილი მართო ცხადის პერსონა და არაცნობიერი განცდა უნდა გაამთლიანო.

პერსონა ბუფერის როლს ასრულებს და გენდერულ იდენტობას იცავს, მაგრამ მეორედ დაბადებას ვერ უძლებს და ადამიანი განსაცდელში ვარდება. არაცნობიერი-განცდის გაღვიძება ნატალურ მოცემულობას აბრუნებს და ბავშვივით დაუცველს ხდის ზრდასრულს, მაგრამ თუ არ გააღვიძე შეუძლებელია ევოლუცინირება. 

რაც უფრო ძლიერდება არაცნობიერი განცდის ცნობის უნარი, მით უფრო სუსტდება ხისტი პერსონა, სანამ მდინარის ორ ნაპირს შორის ხიდი არ გაიდება. 

მხოლოდ შავი გველის, საკუთარი არაცნობიერი განდის მიღებითა და ეგო-ს დამორჩილებით მიიღწევა ერთიანი სხეულის ორი ნახევრის ჰარმონიზაცია, სინათლის მახვილის იდენთიფიკაცია და ჭეშმარიტი იდენტობის აღდგენა.

სანამ არ იცი ვინ ხარ ცდილობ თავის დაღწევას, მაგრამ თუ ეგო-ს მართავ, გარე სამყაროსთანაც იწყებ თამაშს სანამ არ მოგბეზრდება.

მზე ნელ-ნელა მოეფარა მთებს და სუსხიანმა ქარმაც წამოუბერა, მანალსუ ღრუბლებს არ იკარებს, მხოლოდ ფერს იცვლის _ ვარდი, ფორთოხალი, ყაყაჩო, ია და ბოლოს "ოქროს-ფრთება."

დღე 5) ტალი - ტიმონგი (2270 მ.)

ქალის თვალები სარკეა გულის, ქალის თვალებმა მიმხილეს ვნება,
ქალის თვალებში ნავი თვლემს სულის, მაგრამ მენავე იღვიძებს ნელა...

დღე ფინჯანი ყავით იწყება და მხოლოდ შუადღით მშივდება, ხოტრო-ში ვსაუზმობ და მთვარემაც დაიწყო შევსება. უკვე რამოდენიმე დღეა დილაობით მაცილებს გზაზე, ამ ქვეყნის საოცრებებსაც ამხელს და ანაპურნას ეფერება.

მხიარული ჩიტები ფრთებს ისველებენ ჩანჩქერებთან. მზე ისევ არ ჩანს, ცხვირ-პირი მაქვს გაყინული, მაგრამ არ მშორდება შინაგანი ბედნიერება, თითქოს ვიღაც იღიმის ღრმად გულში უდარდელად.

როდესაც კაცი და ქალი ჰარმონიაში მოდის ცნობიერების ძალით, საკუთარ ემოციას განიცდი როგორც მარადიული არსის პირვანდელ ბუნებას, მაგრამ გაუძლებდა კი ცნობიერი არსი კოსმიური სხეულის გამოცდის ცდუნებას?

მარადიული სიყვარულია გასხივოსნება, მაგრამ იქ არაფერი არ ხდება, ამიტომ თუ გინდა კეთილისა და ბოროტის გამოცდა უნდა მისცე განცდას დაცემის უფლება.

გასხივოსნების წამს, მიწიერი განცდების მრავალფეროვნება მარადიული სიყვარულის განცდაში ერთიანდება და იფიქრებ, იქნებ სწორედ ცნობიერების ვიბრაციული სიხშირის შეცვლის ხარჯზე იბადება ცხოველური ვნება? 

ან დედამიწას განიცდი, ან საკუთარი არსის პირვანდელ ბუნებას, ვინ იტყოდა უარს ასეთ სიზმარზე, მაგრამ როდესაც განცდას იბრუნებ, ახალი ცნობირებით იღვიძებ ისევე, როგორც მოგზაურობა ამდიდრებს ადამიანის ბუნებას.  

თვითეული გამოცდილება, როგორი მწარეც არ უნდა იყოს რაღაც ახალს ამცნობს და მატებს სულიერ სამყაროს, მაგრამ სანამ არ იცი ვინ ხარ განცდებს გაურბი და ებრძვი საკუთარ ცთუნებას.

ტიმონგში შებინდებისას ამოვედი, დამღლელი იყო გზა და რაც უფრო მაღლა ავდივარ მით უფრო ცივდება. მზე უცებ ჩადის მანასლუს თავზე, ირმის ნახტომი კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ცაზე და ბრწყინავენ პატარა მარგალიტები უდარდელად...

დღე 4) ტალი

ლოცვა ისმოდა საღამოს სოფელს, დაღლილი სულის სევდიან ვნებად,
ჰაშიშის ნისლის თბილი საფარი კისერს მეხვია ვარდისფერ გველად...


ვეალერსები გულის სინთლეს, სულს ვეღარ მტაცებს ლანდთა სიმრავლე,
ბურდღუნა ლეკვი მილოკავს ლოყას და შავი გველი ბალახში თრთოლავს,
მარიაჟია ფარშევანგების, ნიანგი მღერის უცხო ჰანგებით,
ბეჰემოტი დუმს ეულად წყალზე, თეთრი არწივი ქორებს ჩიტს აწერს...

მთვარიან ღამეს ვიღაც ითხოვდა ღმერთების შველას,
ჰაშიშის ნისლის თბილი საფარი კისერს მეხვია ვარდისფერ გველად... 

ცნობიერების პოლარიზაცია გენდერულ სხეულში პოულობს თვითრეალიზაციას და რაც უფრო სუსტია იგი, მით უფრო არაცნობიერია საკუთარ თავში საწინააღმდეგო სქესი და ძლიერი ლტოლვა.
 
რომ არა "განათლებული" პერსონა, რომელიც როგორც წესი არასწორ არჩევანს გვაკეთებინებს ბევრად უფრო კარგად გვექნებოდა საქმე, რამეთუ ის კი არ არის მთავარი თუ როგორი პარტნიორი უნდა გყავდეს, არამედ ის, თუ როგორი გჭირდება ევოლუციის ამა თუ იმ ეტაპზე.
 
არაცნობიერი-განცდა ნათურასავით არის, სპირალი მისი ცნობიერება, მაგრამ სანამ საკუთარი ემოციის სიხშირეს ვერ უძლებს, მანიფესტაცია უწევს რასაც ვერ უმკლავდება. არაცნობიერი-განცდის ვიბრაციას უცებ ვერ გაზრდი, ცნობიერების ევოლუციას დრო ჭირდება და სანამ საკუთარ ემოციას ვერ მართავ, მატერიალურ სხეულში გიწევს გაღვიძება. 
 
დასავლურ ფსიქოლოგიაში არსებობს ადამიანის ხუთი მთავარი ტიპი ისევე, როგორც აღმოსავლური ჯერ ისევ ინარჩუნებს კასტთა სისტემას, მაგრამ სადაც არ უნდა იდგე ამ გზაზე, ევოლუციის პოტენციას ინარჩუნებ და თვითეული რეინკარნაცია კიდევ ერთ შანნს იძლევა. 
 
არ უნდა არსებობდეს ხელოვნური ბარიერები საფეხურთა შორის, თავისუფალი საზოგადოება ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად ვითარდება. ხოლო თუ სულის წადილს განათლების სიბნელე აზის, აუცილებლად წადი იმ ქვეყანაში სადაც საკუთარი არაცნობიერი სხეულის რეფლექციისა და გაცნობიერების საშუალება გექნება.

მიყვარს ჩვენი პლანეტა, მტკივა მოჭრილი ხეები და ჩახერგილი მდინარეები, ეს ხომ იგივეა რომ ადამიანს სისხლძარღვი ჩაუკეტო, დინება შეუცვალო ან საერთოდ გააჩერო. ჩვენ დედამიწას ისე ვექცევით თითქოს უსულო იყოს და მანამ ვერ განვიცდით მის ტკივილს, სიხარულსა თუ ჩივილს, სანამ საკუთარ თავში ვერ ვიცნობთ არსის ჭეშმარიტ ბუნებას. 

კარგი იყო ტალი-ში კიდევ ერთი ღამით დარჩენა, ცარიელია სოფელი მხოლოდ ცხოველები თბებიან მზეზე უდარდელად და ცივი ნიავიც ისე უცებ წამოუბერავს თითქოს მოწყენილი ანაპურნა ითხოვდეს ყურადღებას.

დღე 3) სიანჯე - ტალი (1700 მ.)

სად იყავი ამდენი ხანიო შემომჩივლე, 
როდესაც შავი ღრუბლები გავარღვიე და გულში ჩაგიკარი,
ვიბრძოდი, ვიბრძოდი-მეთქი მინდოდა მეთქვა, 
მაგრამ შენმა ტკბილმა სხეულმა დაადუმა მეტყველი არსი...

ამოგორდა მზე და ჩანჩქერის ძირას ცისარტყელა დაბადა, მე კი სულ გუშინდელ სიზმარზე ვფიქრობ ეგო რომ გამომეცხადა.

რას არ გაიგებ მასზე, ყველა უბედურებას ეგო-ს აბრალებენ რაც ადამიანს ემართება, მაგრამ რაც უფრო ძლიერდება არსის ცნობის უნარი მით უფრო სუსტდება მისი გავლენა.

როდესაც გასხივოსნების მარადიულ სიყვარულს შეფეთებული და უკან მობრუნებული გააცნობიერებ რომ, არა მარტო სხეული, არამედ სულია შენში ცხოველური, დაიწყებ ძიებას.

როგორ შეიძლება ველურმა მხეცმა კოსმიური სიყვარული განიცადოს მეთქი საკუთარ თავს ვეკითხები და ვხვდები რომ არსის ვიბრაცია იცვლება. 

ისევე, როგორც სხეულის სისუსტე განცდის ნერვულ სისტემაზე დომინირებაა, ასტრალური ცნობიერების მაგნეტური ველი ვერ უძლებს საკუთარ ემოციურ სიხშირეს და განცდა ეცემა. ღმერთი ცხოველად გადაიქცევა როდესაც საკუთარი თავის ცნობის უნარს კარგავს და რაც უფრო სუსტია იგი, მით უფრო ნელა ვიბრირებს განცდა.

პლატონის გამოქვაბულის არ იყოს, ეგო განცდის სიბნელიდან უყურებს ამ სამყაროს და ვერ აცნობიერებს საკუთარ სხეულს. რაც უფრო სუსტია კაცის ნერვული სისტემა, მით უფრო ბნელია ქალი და ინსტინქტური გონება, მაგრამ უარყო ცხოველი შენში ნიშნავს დაკარგო ღმერთი და მხოლოდ ორიგინალური ცნობიერების გაძლიერებით ხდება სულიერი სხეულის დაბადება. 

მარადიულია არსიც და ცნობიერებაც, მაგრამ მარადიულობა არ ნიშნავს ცნობიერებას. მარადიულია კოსმიური გული, მაგრამ ვერ ცნობს საკუთარ თავს სანამ სუსტია ნერვული სისტემა და ალბად სწორედ ეს არის ევოლუციის მიზეზი და მიზანი _ საკუთარი მარადიულობის გაცნობიერება.

სულიერი ევოლუცია ჯერ განიცდის და შემდეგ ამარცხებს საკუთარ უსუსურებას.

მზე უცებ გადაუვლის სოფელს, ცივი მდინარე საღამოს სუსხს აძლიერებს, ხმასაც უწევს და ცის სილამაზეს ირეკლავს. ჩემს მეტი არავინ არის სასტუმროში, ოთახიც კარგი მაქვს და კიდევ ერთი ღამით ვაპირებ ამ სოფელში დარჩენას.

დღე 2) ბულბულე - სიანჯე (1100 მ.)

სულ უფრო ნაზად ირხევა ტალღა სულ უფრო მშვიდად უბერავს სიო,
ვიღაც ღრმად სულში იჭერს ამ ნატვრას სინათლის სითბოს,
მერე შესცურეს ღრმად ცისფერ ზღვაში, ტალღები თრთოდნენ კეკლუცად ტანში,
და მიცურავდნე ისინი ორნი, არავინ იყო ამქვეყნად მათთვის,
სიგრილე მკერდში, ღიმილი ბაგედ, ნურაფერს მეტყვი მოდი და ნახე...

დილის შვიდი საათია და ისე ცივა ბულბულეში მუხლები მიკანკალებს, მაგრამ მოწმენდილი ცა მზიან დღეს გვპირდება. 
 
ოქტომბერი/ნოემბერი, დეკემბრის შუა რიცხვებამდე საუკეთესო დროა ნეპალში სალაშქროდ, მაგრამ ახალ გზაზე რომ არაფერი ვთქვა, რამოდენიმე წლის წინ მომხდარმა მიწისძვრამ ტურისტები ისე დააფრთხო, სრული პოტენციის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.

ნეპალელებს რომ კითხო კარგი საქმე გაკეთდა, ადრე სოფლებიდან ქალაქში ჩამოსვლას დღეები უნდებოდნენ, ეხლა ყოველ დილით ავტობუსები დადიან. 

მხოლოდ ტურისტები დავიჩაგრეთ, მაგრამ არც ისე ადვილი აღმოჩნდა ჩვენი თავიდან მოშორება. უმალ გაჩნდა ალტერნატიული სალაშქრო მარშუტი მდინარის მეორე ნაპირზე, მაგრამ მაინც გვიწევს ხოლმე სამანქანო გზაზე გადმონაცვლება.

არსი საკუთარ ცნობიერებაში პოულობს უკვდავებას, არაფერია ასეთი სრულყოფილი და სავსე, მაგრამ თუ გინდა მარადიულობა დროში განიცადო, გასხივოსნების ვიბრაცია უნდა შეცვალო და იქცე არაცნობიერად.

დინამიკური ემოცია განსაზღვრავს განცდის ვიბრაციულ სიხშირეს, მაგრამ სუსტი ცნობიერება ემოციას ვერ უძლებს და ეცემა. გასხივოსნების მარადიული სიყვარული მხოლოდ მაღალი ვინრაციაა ფიზიკურის, მაგრამ ნებით დავხუჭე გონების თვალი საკუთარი არსის გამოსაცდელად თუ არასდროს მცოდნია ჭეშმარიტი თავი, სანამ სუსტია ცნობიერება?

ისევე, როგორც სხეული ხუჭავს-მეთქი თვალს ღამით მინდოდა მეთქვა, მაგრამ დაძინება ნებიერად არ ხდება. ადამიანი აუცილებლობით იძინებს და ცნობიერების ევოლუციაც ეტაპობრივად ხდება.

ცნობა ნებიერებას გულისხმობს, თუ ცნობიერი ხარ რამის გაქვს მასზე ნება. ადამიანი გენდერულ სხეულს ცნობს, მაგრამ სულიერი სხეულის იდენტობა ემოციისა და განცდის ჰარმონიაში მოყვანით იბადება. რაც უფრო ძლიერდება გონების თვალი მით უფრო ჰარმონიაში მოდის კაცი და ქალი, მით უფრო ნათელი, სპონტანური, ლამაზი, და კეთილი ხდება. შინაგანი ხმა კარნახობს საქციელს და პატივსაც სცემს მოძმეში არაცნობიერს, რამეთუ იგივე პოტენციას ხედავს.

სიანჯე-ში საღამოს ოთხი საათისათვის ამოვედი და ჩანჩქერის პირა სასტუმროში გავჩერდი სახელად ცისარტყელა. გზაში გიგანტური ციყვი შემხვდა, ხევიდან ამოირბინა და გზა გადამიჭრა როდესაც იმ საყვარელ გოგოზე ვფიქრობდი დღეს დილით სასტუმროში რომ შემხვდა. შემდეგ ერთ დიდ ქვაზე შემოსკუპდა და ისე მაცდურად შემომხედა, თითქოს უნდოდა მიეხვედრებინა მისი გამოჩენის მიზეზს და მე მინდოდა უკან მომებრუნებინა ფიქრი, მაგრამ ის უკვე დაბერდა.

თავიდან ვერ მივხვდი რა ცხოველი იყო, მოქნილი, ლამაზი, საზრიანი და კეკლუცი, მხოლოდ მოგვიანებით ვიცანი საშვების შესამოწმებელ პუნქტში - ჰიმალაის გიგანტური შავი ციყვი - ასე ეწერა.

დღე 1) ბესისახარი - ბულბულე (840 მ.)

შენს კალთებს ბევრჯერ შევბედე არასდროს გითქვამს უარი,
ერთხელ შიშველსაც შეგხედე ღიმილის თვალის უნარით,
მას შემდეგ ცეცხლი აენთო მწველი და ვერას ვშველი,
მაგრამ ამ ლტოლვას ღვთაება, ცაზე რო თრთოლავს რკალებად 
                                                                                            თუ დააოკებს და გვეყვარება...

პოხარადან ბასისახარში ავტობუსით ჩამოვედი და ლაშქრობაც ამ სოფლიდან იწყება. სულ რამოდენიმე საათის სავალია ბულბულემდე და პირველი დღეები ყველაზე რთული სანამ სხეული ახალი ცხოვრების წესს მიეჩვევა.

ჰიმალაის მისტიკური სილამაზე მეტყველი სიჩუმით ცდილობს მაძიებელი სულების დახმარებას. გონების გულთან სიახლოვის, არსის გაცნობიერების საუკეთესო საშუალება. სხვანაერი ფიქრი იცის მთამ, უჩვეულო გამოცდილებებსაც უხვად ბადებს და რაღაც ახალს მამცნობს ყოველ მზიან დღესა თუ მთვარიან ღამეს.

არ არსებობსო არსი ცნობიერების და ცნობიერება არსის გარეშეო მეუბნება, ერთი არის და მეორე ცნობს, ერთი გულია და მეორე ნერვული სისტემა. გული მარადიული არსის მანიფესტაციაა ადამიანში, ხოლო ნერვული სისტემა ცნობიერების, არსი ელექტრულია და დინამიური, ცნობიერება მაგნეტური და სტატიკური.

ემოცია და განცდა ერთიანი არსი-ს ორი ფუნქცია გახლავთ, ხოლო ცნობიერება "მე" ინდივიდუალური იდენტობაა. არსი გულია ცნობიერების, სტატიკური მაგნეტური ველის მარადიული სიცოცხლე, მაგრამ სანამ კაცს და ქალს საკუთარ თავში ვერ გააწონასწორებს, არაცნობიერ რეფლექციას ახდენს და ჭეშმარიტ იდენტობას კარგავს.

არსის დომინაცია ცნობიერების პოლარიზაციას ახდენს, მაგრამ რაც უფრო იკრებს მაგნეტური ველი ძალებს, მით უფრო ჰარმონიაში მოყავს სინათლე და სიბნელე, სანამ დღე და ღამე მარადიულ გულად არ დაიწყებს ფეთქვას.

ღამდება, მზე ნელ-ნელა ტოვებს ბულბულეს და ნარინჯისფერ სამოსს ახვევს სოფელს, ჩვენი ძველი ხის სასტუმრო კი ისე ქანაობს და ჭრიალებს კაცმა არ იცის როდის წაიქცევა. ველოდები ვახშამს, ნეპალურ დალ-ბატს, ბრინჯი რამოდენიმე გარნირით, მჟავე/მწარე საკმეველებით და დაულაგირის ქედების ფერიცვალებას. შემდეგ ყველა ფერი ნაცრისფერში იკარგება და სიბნელეს უხსნის კარს _ დღეს ახალი მთვარეა.

რა ბნელი უნდა ყოფილიყო ჩემი გული და სუსტი ცნობიერება, რომ მიუხედავად 20 წლისა მას შემდეგ, რაც ჯერ ერთმა გაიღვიძა და მერე მეორემ დაიწყო გაძლიერება, ისევ არაცნობიერი არსი მართავს გონებას. ან რა არის 20 წელი მარადიული გადმოსახედით, ყოფა და ცნობა უნივერსალური ენერგიებია დროის მიღმა, ვერც მისი დინება აკარგვინებს უსასრულობითვე ნაბოძებ პოტენციას, მაგრამ ცნობიერების დონე განსაზღვრავს კოსმიური გულის ვიბრაციას. 

არსის ცნობიერებით ჰარმონიაში მოყვანაა ადამიანის არსებობის მიზეზი და მიზანი, ჩვენ მუდმივი დაბადების პროცესში ვართ სანამ ჭეშმარიტი გული არ დაიწყებს ფეთქვას.

ვზივარ ბულბულეს მორყეულ სასტუმროში, უყურებ დაულაგირის ფერიცვალებას და ვფიქრობ თუ როდის მოვა დრო, როდესაც მატერიალური სხეულის ნაცვლად შიშველი არსი იქცევა თვითიდენტიფიკაციის სუბიექტად.

შესავალი

ჰარმონიის თესლები მოფანტულა ზეცას,
და რომელიც გაიხარებს ვარსკვლავებად ფეთქავს.. 

ანაპურნას მასივი ოთხ მთავარ მწვერვალს აერთიანებს _ დაულაგირი, (8167 მ.) მაჩაპუჩრე, (6993 მ.) მანალსუ, (7455 მ.) და ტილიჩო (7134 მ.) _ ერთმანეთს სილამაზეში ეჯიბრებიან, ავსებენ, ენაცვლებიან, სულის მიზანს ამხელენ, სიმამაცეს ითხოვენ და ცნობიერების გულთან მეგობრობას გევედრებიან.

თუ კარგად იარე, 20/21 დღეში დალაშქრავ. მარჯვენა ნაპირს აუყვები, უღელტეხილს გადახვალ და მარცხენათი ეშვები. გზაში ულამაზეს სოფლებს ნახავ და ბევრ საოცრებებსაც გადაეყრები, მაგრამ ჩემთვის ლაშქრობა არა მარტო დედამიწის სილამაზით ტკბობა, ასევე საუკეთესო საშუალებაა გულთან სასაუბროდ, მისი ორი ფუნქციის _ ემოციისა და განცდის _ ჰარმონიაში მოსაყვანად.

პირველად ანაპურნა 16 წლის წინ, ახალი გაღვიძებული გულით დავლაშქრე, მაგრამ ცნობიერების თვალს ისევ ეძინა. მოგზაურობაც სპონტანურად დაიწყო, თბილისიდან სტამბულში ავტობუსით ჩავედი და თუმცა ახალი გათენებული იყო მკვდარივით დამეძინა. დამესიზმრა, თითქოს ჩემი შეყვარებული შავ გველად ქცეულიყო და ისე მეპარებოდა თითქოს ჩემში უნდოდა შემომძვრალიყო.

სიზმარში ვერ მივხვდი რა ხდებოდა, გველის შემეშინდა და მანამ გავკიოდი სანამ საიდანღაც სინათლის კაცი არ გამოჩნდა, მარჯვენა ხელში სინათლისავე მახვილი გადმომცა და გველი ორად გავჭერი. მერე მასთან მივედი და ვკითხე ხო შხამიანი იყო-მეთქი, მაგრამ თავი ისე გააქნია თითქოს უკმაყოფილო იყო ჩემი გადაწყვეტილებით, მანიშნა რომ წასვლის დრო იყო და გამეღვიძა.

მაშინ რას ვიფიქრებდი რომ თურმე კაცი და ქალი, სინათლის მახვილი და შავი გველი, ემოცია და განცდა, მარჯვენა და მარცხენა ხელია ცნობიერების მაგნეტური ველის. მაშინ რას ვიფიქრებდი რომ თურმე ვერ იცნობ და მართავ სინათლეს სიბნელის, კაცს ქალის, ცნობიერს არაცნობიერის, ემოციას განცდის გარეშე და მათი ჰარმონიაში მოყვანაა აუცილებელი თუ გინდა არსი იცოდე.

მას შემდეგ თექვსმეტი წელი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, დაღვინდა, ბევრი სასწაულებიც მოხდა, მაგრამ მათი თხრობა არ არის ადვილი. სიმართლე გითხრათ ისიც კი არ ვიცი თუ ვისთვის ვწერ ამ დღიურს, რამდენი ადამიანი გაიგებს ნათქვამს, მაგრამ ასე ცნობიერების დონის რეფლექციას ვახდენ, უკეთესად ვგებულობ განცდილს და ვხედავ თუ სად ვარ.

ბევრი რომ აღარ გავაგძელო ნეპალში ათი დღის წინ ჩამოვედი, ხვალ კი 16 წლის წინანდელ ბილიკებს კიდევ ერთხელ ვთხოვ დახმარებას, ვნახოთ რას მეტყვიან ჰიმალაის მწვერვალები ახალს, რითი გამინათებენ გულსა თუ გონებას.