დღე 20) კალოპანი – გასა (2010 მ.)

თეთრი ტაძარი ვიპოვე იერუსალიმის კედლებს მიღმა, 
როგორც დაჭრილი არწივი ყვავ-ყორნებში ისე გმინავს 
და მხოლოდ შორი ახლო ძახილი არხევს სუსხიან ნიავს. 
შიშველი ხელებით დავიწყე ბრძოლა _ გაწმენდა მინდა! 
ჯერ დიდი ქვები გამომაქვს, შემდეგ დაჭაობებულ წყლებს ვაშრობ, 
                                                                      უცხო აჩრდილნიც განვდევნე მისგან,  
შიდაც შევბედე სულ ერთი წამით და ხელისგულით გამოვიტანე მზისფერი თაფლი.
ისე დამათრო იმ ერთი წამით, სულ ერთი წამით გაიხსნა ზეცა,  
შიგ მობინადრე სინათლის კაცი, უეცარ სტუმარს ღიმილით შემხვდა,
 
მერე თეთრი რკალი დაიბადა ზეცას, უმთვარეო ღამემ სიყვარული თესა...
 
სულ რამოდენიმე საათის სავალია კალოპანიდან გასა-მდე, მზე ისევ არ ჩანს და რატომღაც მიხარია ლაშქრობა რომ მთავრდება.

არაცნობიერ ადამიანს ვერ ადარდებს სულიერი სამყარო, არ ყოფნის ცნობიერების ძალა რომ კითხვები დასვას, უბრალოდ ცდილობს გადარჩეს, მაგრამ როცა იღვიძებს ყველაფერი იცვლება. 
 
როდესაც გონების თვალს წამით გაახელ და იცნობ არსის პირვანდელ სახეს, მიხვდები რომ ადამიანი გარდამავალი ეტაპია ცხოველიდან ღმერთამდე და არაერთი მტკივნეული ნაბიჯია გასავლელი ამ გზაზე, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს საკუთარ სულთან შეხვედრა.