დღე 16) მუქთინათი – კაგბენი (2880 მ.)

თუ არ გატყდა და დაიმსხვრა თესლი როგორ იშვება ნაყოფი მისგან,
თუ ვერ გაბედე გამოცდა ბედის გულში იქნება ელავდეს რისხვა,
თუ არ გატყდა და დაიმსხვრა ძველი როგორ იშვება ახალი მისგან,
დღეს ამ მებაღეს უხრი ქედს ვეტრფი, მუხლმოდრეკილი ვღიღინებ ლოცვას...

დღეს დილით სასტუმროში ერთი კეთილი კაცი ჩემი მარშუტით რომ არ დაინტერესებულიყო და ახალი გზა ესწავლებინა კაგბენი-ში ჩამოსასვლელად, ბატივით გაუყვებოდი ძველ ბილიკს.

ახალ გზაზე, უფრო გრძელსა და ლაღზე, დილის სუსხიან ნისლში გახვეული სოფლები მოჩანს. სალოცავებიდან ყრუდ ისმის ლოცვა, საბუხრეებს ხის სუნი მოაქვთ და გზაზე სოფლელებს შეშით დატვირთული ურმებიც მოყავთ.

შემდეგ ერთ დიდ, მოშიშვლებულ მინდორზე გავდივარ და რამოდენიმე საათი სრულიად მარტო დავდივარ. ვფიქრობ გზა ხო არ ამებნა-მეთქი, მაგრამ უცებ მთის ძირას კაგბენი მოჩანს. ციცაბო კლდეზე ვეშვები და უკანა კარიდან შევდივარ ანაპურნას ყველაზე მისტიურ და ლამაზ სოფელში.

ხშირად გაიგებ თითქოს რაღაც ზებუნებრივ და ბოროტ ძალას ყავდეს ჩვენი სულები შებყრობილი, მაგრამ ერთადერთი მიზეზი ცნობიერების სისუსტეა. ეს სოფელიც ბნელ გამოქვაბულს მაგონებს მაგრამ არა მგონია მზად ვიყო სინათლეზე გამოსასვლელად.

გასხივოსნების წამს განცდილი სიყვარული მატერიალური სამყაროსგან დამოუკიდებელი მეგონა. თითქოს იდგა სადღაც სრულყოფილი და მელოდა, მაგრამ ვაი რომ განცდის-ცნობიერებით რაფინირებული ემოციაა და სხვა არაფერი.
 
ევას დაცემა ადამს საკუთარი თავის ცნობის უნარს ართმევს, არაცნობიერ გონებად აქცევს და ისევე ინსტინქტურად რეაგირებს განცდებზე როგორც მძინარე სხეული სიზმარზე. სიზმარი ცხადი გგონია სანამ არ გაგეღვიძება ისევე, როგორც ადამი ცდილობს გადარჩეს, იბრძვის, იმარჯვებს და მარცხდება, მაგრამ ვერ ხვდება რომ ძინავს და ცხოველური განცდები მართავენ მის გონებას.

მე-14 საუკუნეში აშენებული ნარინჯისფერი გომპაა იდუმალებით მოცული კაგბენი-ს გული, კალი განდაკის ხეობას ამაყად გადაჰყურებს და თავს ცივი ქარი ევლება. მე კი ისევ მძინავს, საკუთარ თავს ვებრძვი, არაცნობიერ-განცდას გავურბი და ვეტრფი, ჯერ ისევ სუსტია ნება...