დღე 3) სიანჯე - ტალი (1700 მ.)

სად იყავი ამდენი ხანიო შემომჩივლე, 
როდესაც შავი ღრუბლები გავარღვიე და გულში ჩაგიკარი,
ვიბრძოდი, ვიბრძოდი-მეთქი მინდოდა მეთქვა, 
მაგრამ შენმა ტკბილმა სხეულმა დაადუმა მეტყველი არსი...

ამოგორდა მზე და ჩანჩქერის ძირას ცისარტყელა დაბადა, მე კი სულ გუშინდელ სიზმარზე ვფიქრობ ეგო რომ გამომეცხადა.

რას არ გაიგებ მასზე, ყველა უბედურებას ეგო-ს აბრალებენ რაც ადამიანს ემართება, მაგრამ რაც უფრო ძლიერდება არსის ცნობის უნარი მით უფრო სუსტდება მისი გავლენა.

როდესაც გასხივოსნების მარადიულ სიყვარულს შეფეთებული და უკან მობრუნებული გააცნობიერებ რომ, არა მარტო სხეული, არამედ სულია შენში ცხოველური, დაიწყებ ძიებას.

როგორ შეიძლება ველურმა მხეცმა კოსმიური სიყვარული განიცადოს მეთქი საკუთარ თავს ვეკითხები და ვხვდები რომ არსის ვიბრაცია იცვლება. 

ისევე, როგორც სხეულის სისუსტე განცდის ნერვულ სისტემაზე დომინირებაა, ასტრალური ცნობიერების მაგნეტური ველი ვერ უძლებს საკუთარ ემოციურ სიხშირეს და განცდა ეცემა. ღმერთი ცხოველად გადაიქცევა როდესაც საკუთარი თავის ცნობის უნარს კარგავს და რაც უფრო სუსტია იგი, მით უფრო ნელა ვიბრირებს განცდა.

პლატონის გამოქვაბულის არ იყოს, ეგო განცდის სიბნელიდან უყურებს ამ სამყაროს და ვერ აცნობიერებს საკუთარ სხეულს. რაც უფრო სუსტია კაცის ნერვული სისტემა, მით უფრო ბნელია ქალი და ინსტინქტური გონება, მაგრამ უარყო ცხოველი შენში ნიშნავს დაკარგო ღმერთი და მხოლოდ ორიგინალური ცნობიერების გაძლიერებით ხდება სულიერი სხეულის დაბადება. 

მარადიულია არსიც და ცნობიერებაც, მაგრამ მარადიულობა არ ნიშნავს ცნობიერებას. მარადიულია კოსმიური გული, მაგრამ ვერ ცნობს საკუთარ თავს სანამ სუსტია ნერვული სისტემა და ალბად სწორედ ეს არის ევოლუციის მიზეზი და მიზანი _ საკუთარი მარადიულობის გაცნობიერება.

სულიერი ევოლუცია ჯერ განიცდის და შემდეგ ამარცხებს საკუთარ უსუსურებას.

მზე უცებ გადაუვლის სოფელს, ცივი მდინარე საღამოს სუსხს აძლიერებს, ხმასაც უწევს და ცის სილამაზეს ირეკლავს. ჩემს მეტი არავინ არის სასტუმროში, ოთახიც კარგი მაქვს და კიდევ ერთი ღამით ვაპირებ ამ სოფელში დარჩენას.