შესავალი

ჰარმონიის თესლები მოფანტულა ზეცას,
და რომელიც გაიხარებს ვარსკვლავებად ფეთქავს.. 

ანაპურნას მასივი ოთხ მთავარ მწვერვალს აერთიანებს _ დაულაგირი, (8167 მ.) მაჩაპუჩრე, (6993 მ.) მანალსუ, (7455 მ.) და ტილიჩო (7134 მ.) _ ერთმანეთს სილამაზეში ეჯიბრებიან, ავსებენ, ენაცვლებიან, სულის მიზანს ამხელენ, სიმამაცეს ითხოვენ და ცნობიერების გულთან მეგობრობას გევედრებიან.

თუ კარგად იარე, 20/21 დღეში დალაშქრავ. მარჯვენა ნაპირს აუყვები, უღელტეხილს გადახვალ და მარცხენათი ეშვები. გზაში ულამაზეს სოფლებს ნახავ და ბევრ საოცრებებსაც გადაეყრები, მაგრამ ჩემთვის ლაშქრობა არა მარტო დედამიწის სილამაზით ტკბობა, ასევე საუკეთესო საშუალებაა გულთან სასაუბროდ, მისი ორი ფუნქციის _ ემოციისა და განცდის _ ჰარმონიაში მოსაყვანად.

პირველად ანაპურნა 16 წლის წინ, ახალი გაღვიძებული გულით დავლაშქრე, მაგრამ ცნობიერების თვალს ისევ ეძინა. მოგზაურობაც სპონტანურად დაიწყო, თბილისიდან სტამბულში ავტობუსით ჩავედი და თუმცა ახალი გათენებული იყო მკვდარივით დამეძინა. დამესიზმრა, თითქოს ჩემი შეყვარებული შავ გველად ქცეულიყო და ისე მეპარებოდა თითქოს ჩემში უნდოდა შემომძვრალიყო.

სიზმარში ვერ მივხვდი რა ხდებოდა, გველის შემეშინდა და მანამ გავკიოდი სანამ საიდანღაც სინათლის კაცი არ გამოჩნდა, მარჯვენა ხელში სინათლისავე მახვილი გადმომცა და გველი ორად გავჭერი. მერე მასთან მივედი და ვკითხე ხო შხამიანი იყო-მეთქი, მაგრამ თავი ისე გააქნია თითქოს უკმაყოფილო იყო ჩემი გადაწყვეტილებით, მანიშნა რომ წასვლის დრო იყო და გამეღვიძა.

მაშინ რას ვიფიქრებდი რომ თურმე კაცი და ქალი, სინათლის მახვილი და შავი გველი, ემოცია და განცდა, მარჯვენა და მარცხენა ხელია ცნობიერების მაგნეტური ველის. მაშინ რას ვიფიქრებდი რომ თურმე ვერ იცნობ და მართავ სინათლეს სიბნელის, კაცს ქალის, ცნობიერს არაცნობიერის, ემოციას განცდის გარეშე და მათი ჰარმონიაში მოყვანაა აუცილებელი თუ გინდა არსი იცოდე.

მას შემდეგ თექვსმეტი წელი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, დაღვინდა, ბევრი სასწაულებიც მოხდა, მაგრამ მათი თხრობა არ არის ადვილი. სიმართლე გითხრათ ისიც კი არ ვიცი თუ ვისთვის ვწერ ამ დღიურს, რამდენი ადამიანი გაიგებს ნათქვამს, მაგრამ ასე ცნობიერების დონის რეფლექციას ვახდენ, უკეთესად ვგებულობ განცდილს და ვხედავ თუ სად ვარ.

ბევრი რომ აღარ გავაგძელო ნეპალში ათი დღის წინ ჩამოვედი, ხვალ კი 16 წლის წინანდელ ბილიკებს კიდევ ერთხელ ვთხოვ დახმარებას, ვნახოთ რას მეტყვიან ჰიმალაის მწვერვალები ახალს, რითი გამინათებენ გულსა თუ გონებას.