დღე 18) კაგბენი – მარფა (2670 მ.)

გუშინ ვტიროდი ცხარე ცრემლებით რომ გითხრა რაზე გაგეცინება, 
იმ სულს უხდიდი ბოდიშს ვედრებით, ზურგს უკან რომ დგას და ეღიმება,
დაკარგულს რომ ელის კარად, ლოდინი რომ ძალუძს მარად,
ღიმილი რომ უთრთის ბაგედ და სიყვარულს უნთებს სანთელს...

დღეს დილით წამოწვიმა, ამ დროს იშვიათად წვიმს ნეპალში, მაგრამ ჰაერს ასუფთავებს, ბუნების სურნელს აძლიერებს და ბევრად უფრო სასიამუნოს ხდის ლაშქრობას.

მარადიული სული შესდგომია დროის დინებას და ვერ შობს ვერაფერს რასაც თვით უკვდავება არ უდევს საფუძვლად, მაგრამ სანამ ადამიანი ამას გაიგებს ბევრი დრო გავა და თან უცნაურად.

როგორც ამბობენ, მესამე თვალის კონცებცია ისევე, როგორც რეინკარნაცია  ქრისტიანობის განვითარების პირველ ეტაპზეც აქტუალური გახლდათ. შემდგომ ამოღებული იქნა რადგან ეწინააღმდეგებოდა ახალ რელიგიურ დოქტრინას, მაგრამ უბედურება ის არის რომ სიკვდილით შეშინებული ადამიანი ყველაფერს იჯერებს და იბრძვის კიდევაც რწმენის დასაცავად.

ყველაზე დიდი დაცინვა მაინც ვატიკანში არსებული უზარმაზარი გირჩის ძეგლია როგორც მესამე თვალის სიმბოლო და მის წინ თავმოხდილი სარკოფაგი ამხელს უკვდავებას. ალბად ჭეშმარიტების მცოდნე ქრისტიანი მამები თუ არსებობენ ასეთნი, თავს იმით იმართლებენ, რომ არა აქვს აზრი იმის გამხელას რასაც ვერავინ გაიგებს, ადამიანმა თვითონვე უნდა გააღვიძოს საკუთარ თავში არსი მარადი და გაღმერთდეს.

კაგბენიდან ჯომსონამდე კალი განდაკის დაბერებული სხეულივით დანაოჭებულ ხეობას გავდივარ, აქედან კი ორი საათიღა რჩება მარფამდე, მაგრამ ისეთი საპირისპირო ქარი უბერავს ძლივს მოვაღწიე სოფლამდე. 
 
იმავე სასტუმროში გავჩერდი ცხრა წლის წინ რომ ვიყავი, მაშინ ის ტურისტებით იყო სავსე, ეხლა ჩემს მეტს ვერავის ვხედავ, ერთი წლის წინანდელმა მიწისძვრამ და ახალმა გზამ თითქოს ნეპალის მისტიური შარმიც გაანელა...