ერთხელ შიშველსაც შეგხედე ღიმილის თვალის უნარით,
მას შემდეგ ცეცხლი აენთო მწველი და ვერას ვშველი,
მაგრამ ამ ლტოლვას ღვთაება, ცაზე რო თრთოლავს რკალებად
თუ დააოკებს და გვეყვარება...
ჰიმალაის მისტიკური სილამაზე მეტყველი სიჩუმით ცდილობს მაძიებელი სულების დახმარებას. გონების გულთან სიახლოვის, არსის გაცნობიერების საუკეთესო საშუალება. სხვანაერი ფიქრი იცის მთამ, უჩვეულო გამოცდილებებსაც უხვად ბადებს და რაღაც ახალს მამცნობს ყოველ მზიან დღესა თუ მთვარიან ღამეს.
არ არსებობსო არსი ცნობიერების და ცნობიერება არსის გარეშეო მეუბნება, ერთი არის და მეორე ცნობს, ერთი გულია და მეორე ნერვული სისტემა. გული მარადიული არსის მანიფესტაციაა ადამიანში, ხოლო ნერვული სისტემა ცნობიერების, არსი ელექტრულია და დინამიური, ცნობიერება მაგნეტური და სტატიკური.
ემოცია და განცდა ერთიანი არსი-ს ორი ფუნქცია გახლავთ, ხოლო ცნობიერება "მე" ინდივიდუალური იდენტობაა. არსი გულია ცნობიერების, სტატიკური მაგნეტური ველის მარადიული სიცოცხლე, მაგრამ სანამ კაცს და ქალს საკუთარ თავში ვერ გააწონასწორებს, არაცნობიერ რეფლექციას ახდენს და ჭეშმარიტ იდენტობას კარგავს.
არსის დომინაცია ცნობიერების პოლარიზაციას ახდენს, მაგრამ რაც უფრო იკრებს მაგნეტური ველი ძალებს, მით უფრო ჰარმონიაში მოყავს სინათლე და სიბნელე, სანამ დღე და ღამე მარადიულ გულად არ დაიწყებს ფეთქვას.
ღამდება, მზე ნელ-ნელა ტოვებს ბულბულეს და ნარინჯისფერ სამოსს ახვევს სოფელს, ჩვენი ძველი ხის სასტუმრო კი ისე ქანაობს და ჭრიალებს კაცმა არ იცის როდის წაიქცევა. ველოდები ვახშამს, ნეპალურ დალ-ბატს, ბრინჯი რამოდენიმე გარნირით, მჟავე/მწარე საკმეველებით და დაულაგირის ქედების ფერიცვალებას. შემდეგ ყველა ფერი ნაცრისფერში იკარგება და სიბნელეს უხსნის კარს _ დღეს ახალი მთვარეა.
რა ბნელი უნდა ყოფილიყო ჩემი გული და სუსტი ცნობიერება, რომ მიუხედავად 20 წლისა მას შემდეგ, რაც ჯერ ერთმა გაიღვიძა და მერე მეორემ დაიწყო გაძლიერება, ისევ არაცნობიერი არსი მართავს გონებას. ან რა არის 20 წელი მარადიული გადმოსახედით, ყოფა და ცნობა უნივერსალური ენერგიებია დროის მიღმა, ვერც მისი დინება აკარგვინებს უსასრულობითვე ნაბოძებ პოტენციას, მაგრამ ცნობიერების დონე განსაზღვრავს კოსმიური გულის ვიბრაციას.
არსის ცნობიერებით ჰარმონიაში მოყვანაა ადამიანის არსებობის მიზეზი და მიზანი, ჩვენ მუდმივი დაბადების პროცესში ვართ სანამ ჭეშმარიტი გული არ დაიწყებს ფეთქვას.
ვზივარ ბულბულეს მორყეულ სასტუმროში, უყურებ დაულაგირის ფერიცვალებას და ვფიქრობ თუ როდის მოვა დრო, როდესაც მატერიალური სხეულის ნაცვლად შიშველი არსი იქცევა თვითიდენტიფიკაციის სუბიექტად.
