დღე 5) ტალი - ტიმონგი (2270 მ.)

ქალის თვალები სარკეა გულის, ქალის თვალებმა მიმხილეს ვნება,
ქალის თვალებში ნავი თვლემს სულის, მაგრამ მენავე იღვიძებს ნელა...

დღე ფინჯანი ყავით იწყება და მხოლოდ შუადღით მშივდება, ხოტრო-ში ვსაუზმობ და მთვარემაც დაიწყო შევსება. უკვე რამოდენიმე დღეა დილაობით მაცილებს გზაზე, ამ ქვეყნის საოცრებებსაც ამხელს და ანაპურნას ეფერება.

მხიარული ჩიტები ფრთებს ისველებენ ჩანჩქერებთან. მზე ისევ არ ჩანს, ცხვირ-პირი მაქვს გაყინული, მაგრამ არ მშორდება შინაგანი ბედნიერება, თითქოს ვიღაც იღიმის ღრმად გულში უდარდელად.

როდესაც კაცი და ქალი ჰარმონიაში მოდის ცნობიერების ძალით, საკუთარ ემოციას განიცდი როგორც მარადიული არსის პირვანდელ ბუნებას, მაგრამ გაუძლებდა კი ცნობიერი არსი კოსმიური სხეულის გამოცდის ცდუნებას?

მარადიული სიყვარულია გასხივოსნება, მაგრამ იქ არაფერი არ ხდება, ამიტომ თუ გინდა კეთილისა და ბოროტის გამოცდა უნდა მისცე განცდას დაცემის უფლება.

გასხივოსნების წამს, მიწიერი განცდების მრავალფეროვნება მარადიული სიყვარულის განცდაში ერთიანდება და იფიქრებ, იქნებ სწორედ ცნობიერების ვიბრაციული სიხშირის შეცვლის ხარჯზე იბადება ცხოველური ვნება? 

ან დედამიწას განიცდი, ან საკუთარი არსის პირვანდელ ბუნებას, ვინ იტყოდა უარს ასეთ სიზმარზე, მაგრამ როდესაც განცდას იბრუნებ, ახალი ცნობირებით იღვიძებ ისევე, როგორც მოგზაურობა ამდიდრებს ადამიანის ბუნებას.  

თვითეული გამოცდილება, როგორი მწარეც არ უნდა იყოს რაღაც ახალს ამცნობს და მატებს სულიერ სამყაროს, მაგრამ სანამ არ იცი ვინ ხარ განცდებს გაურბი და ებრძვი საკუთარ ცთუნებას.

ტიმონგში შებინდებისას ამოვედი, დამღლელი იყო გზა და რაც უფრო მაღლა ავდივარ მით უფრო ცივდება. მზე უცებ ჩადის მანასლუს თავზე, ირმის ნახტომი კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ცაზე და ბრწყინავენ პატარა მარგალიტები უდარდელად...